„სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი“, – ასე ეხმაურება პრემიერი 8 მარტის შეთანხმებაზე დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ისევ პატიმარია.
მისი თქმით, საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას ითხოვს. მათი თქმით, შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლებაც შედიოდა. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი რურუა მათ მოუწოდებდა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ.