იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქის თქმით, დღეს მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ.
„გილოცავთ ამ დღესასწაულს. დღეს არის ტაძრის დღესასწაული – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ.
რა გამოვიარეთ ჩვენ? – ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა.
დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა ილია მეორემ.