ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ ჩვენ აქ მასშტაბურ რეაბილიტაციას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევილში ჟურნალისტებს განუცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, ეს რეაბილიტაცია ყველა შემთხვევაში უნდა დასრულდეს 2026 წლის 17 სექტემბრამდე იმისთვის, რომ ის 10-წლიანი რეაბილიტაციის პროცესი, რაზეც სახელმწიფომ დადო პირობა, შესრულდეს.
„დღეს ჩვენ მამულის ყველა ნაწილი დავათვალიერეთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შატო და ვნახეთ, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის, ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეს პროცესი. კითხვა როდესაც ისმის, მოასწრებთ თუ არა რეაბილიტაციის დასრულებას ვადებში, პასუხი არის დადებითი ცალსახად იმიტომ, რომ შატოს რეაბილიტაცია დასრულდება 2025 წლის იანვრამდე, ბიბლიოთეკა-მედიათეკის სივრცე დასრულდება 2025 წლის ზაფხულში, ქართული ოდა უკვე დამზადდა საქართველოში, აიწყობა, შემდეგ დაიშლება, როგორც ეს არის ქართული ტრადიციული წესი, ჩამოვა ლევილში და აქ თავიდან აიწყობა და 2025 წელს უკვე მამულს ექნება ქართული ოდა, სადაც მოეწყობა ქართული სამზარეულო, რესტორანი და სადეგუსტაციო სივრცე ქართული ღვინისათვის. ჩვენს უკან მდებარე შენობა, რომელიც ნამეტია და ვალოდია გოგუაძეების საცხოვრისი იყო რეაბილიტირებულია, ასევე ხელოვანებისა და მეცნიერებისათვის დასრულებულია სტუდიოების სარეზიდენციო სივრცე და ჩვენ უკვე პარკიც მოვაწესრიგეთ, გალავნის რეაბილიტაციაც დასრულდა, ასე რომ ყველაფერი არის მამულში კარგად. მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ ჩამოვიდა და ნახა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
“მოხარული ვართ რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ მასშტაბურ რეაბილიტაციას”
2024/07/26 14:20:23
კომენტარები
ნანახია: 21 ჯერ