შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს.
დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით, ს.ზ.-მ ბიზნესმენისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. პოლიციამ ს.ზ. ფულის გადაცემის მომენტში დააკავა.
გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მსხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.