დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა, კომისიას დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადება ორი დღის წინ გაკეთდა, – ამის შესახებ განცხადება დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ დღეს, კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა.
“დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ, რომ ახალი ვერსია გვაქვს. ამ ახალი ვერსიის გადამოწმება გამოძიებამ უნდა დაიწყოს და რაც მთავარია ძალიან მოკლე ვადაში დაასრულოს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე ყოფილიყვნენ ეს არასრულწლოვნები გამოკითხულები, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ივნისის ბოლომდე გამოკითხული არ იყო. ამ საგამოძიებო მოქმედებებში დაშვებული შეცდომების გამო, სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ გვიწევს ახალ გარემოებებსა და ვერსიებზე საუბარი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.