სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
ტაძარში მცხეთისა და თბილისის ეკლესიების მღვდელმსახურები, ბერ-მონაზვნები იმყოფებიან, ასევე რამდენიმე ათეული მღვდელმთავარი.
ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის გამორჩევის შესახებ იქნება საუბარი. მსახურების ბოლოს, პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.