დერბენტის რაიონში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უხვმა ნალექმა წყალსაცავის დამბა გაარღვია და სამი ავტომობილი გაიტაცა. არსებული მონაცემებით, ტრანსპორტში ათი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის შემდეგ გაირკვა, რომ სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა — ფეხმძიმე ქალი და მოზარდი.
რთული ვითარებაა მაჰაჩყალაშიც — ქალაქში წყალდიდობამ საცხოვრებელი კორპუსის საძირკველი დააზიანა, რასაც შენობის ნგრევა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის პერიმეტრზე კიდევ ოთხი მრავალბინიანი სახლის ჩამოშლის საფრთხე არსებობს. ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
რეგიონში მიმდინარე სამაშველო ოპერაციების პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პირველადი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. დაღესტნის 7 მუნიციპალიტეტის 9 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. საკუთარი საცხოვრებლის დატოვება უკვე 5 ათასზე მეტ მოქალაქეს მოუწია.
მწყობრიდან გამოვიდა რეგიონის წყალმომარაგების სისტემაც. ნაწლავური ინფექციით, საავადმყოფოებში ათობით ადამიანი გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ A ტიპის ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაღესტანში ორი მასშტაბური წყალდიდობა მოხდა. სტიქიის გამო, რეგიონის ათიათასობით მცხოვრები ამ დრომდე ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე რჩება. არ ფუნქციონირებს საქალაქთაშორისო მიმოსვლა, დაზიანებულია გზები, მაგისტრალები და რკინიგზა.
