საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ფაქტები, ძირითადად სლოტკლუბებში ხდება. მისივე განმარტებით, კანონის აღსრულების ნაწილში კანონმდებლობასთან მიმართებით გარკვეული პრობლემები ვლინდება.
ამ თემაზე კუპატაძემ პარლამენტში, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიმდინარეობის თაობაზე შექმნილ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
“როდესაც არის გამოძახება რესტორნის მენეჯერის ან მეპატრონის მხრიდან და სამართალდარღვევაზე მიგვითითებენ, ჩვენ ვალდებული ვართ, დავაჯარიმოთ იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირზე დავიწყოთ წარმოება 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არის სამართალდამრღვევი, ძალიან დიდი პრეტენზია აქვთ, რომ მათი მხრიდან არანაიარ წვრილმან ხულიგნობას ადგილი არა აქვს. ასევე პროსტეტს გამოთქვამენ იურიდიული პირის წარმომადგენლები, რომლებიც ეკიპაჟს იძახებენ, რადგან თავად არა აქვთ არანაირი ძალა გარდა იმისა, რომ მიუთითონ, რათა სამართალდარვევა აღკვეთონ. ასეთი სამართალდარღვევა ძირითადად ხდება სლოტკლუბებში, სადაც ასევე აკრძალულია თამბაქოს მოხმარება და ჩვენი მხრიდან ხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.