ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვის მშობლები გამოძიების დასრულებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში საქმის მონაწილე მაღალჩინისნები, ვინც ახალგაზრდების ლიკვიდაციაში მონაწილება მიიღეს სათანადოდ დაისჯებიან.
ასლოდინ ალდამოვის თქმით, ნაციონალებმა იმ დროს ახალგაზრდების სიცოცხლე არჩვენებში გაცვალეს და 7 ადამიანი ამიტომ მოკლეს.
სპეცოპერაციის დროს დაღუპულის ოჯახი 2012 წლის აგვისტოს იხსენებს, როცა ცხედრების ოჯახებისთვის გადაცემაზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ვაჭრობა დაიწყო და უთხრეს, რომ ახალგაზრდების ცხედრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ თუ მათ ღამით დაკრძალავდნენ.
ასმათ მარგოშვილის თქმით, მათი ტრადიციების მიხედვით, ჭირისუფალმა ოჯახმა ჭიშკარი უნდა გახსნას და სამძიმარი მიიღოს, თუმცა მაშინდელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
ოჯახი მტკიცე პოზიციაზეა და აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დაბრუნება არ შეიძლება.
ლაფანყურის სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში ჩატარდა, მისი მთავარი მიზანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. დაჯგუფებამ სოფელ ლაფანყურის რამდენიმე მოსახლე გაიტაცა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები რუსი მეამბოხე ისლამისტები იყვნენ. თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
ოპერაციას, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს დაიწყო, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 11 უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი, ქართულმა სპეცსამსახურებმა დაკარგა 3 ადამიანი, 5 კი დაიჭრა.
ლაფანყურის სპეცოპერაცია ადამიანის უფლებათა შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. ინციდენტის შესწავლისას გამოვლენილი ფაქტებზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შსს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა. ეს ბრალდებები მოვლენათა განვითარების შესახებ წინა ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება.