არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაანონსების საკითხთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცილისმწამებლებისა და სიძულვილის ენის ავტორების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა.
„ჩვენ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლებაა, რაც არის აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისგან გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ამიტომ ყველა, ვინც ცილს სწამებს, ყველა, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლებრივი ინსტრუმენტები არსებობდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
