არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
როგორც კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირმა ინაშვილს განცხადების გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.
„ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან „ნაციონალები“. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს. მათთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოაბიტაციის ბრალია. ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას. არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება. არ არის ეს ლამაზი ქცევა. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია „ნაციონალების“ გასამართლებაზე და ყველაფერი გამოსწორდება.
ჟურნალისტები და განსაკუთრებით, მოღალატე „რუსთავი 2“ აცოცხლებთ „ნაციონალების“ სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.