ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი გამოხატული უნდა იყოს მშვიდობიან, წყნარ ფორმებში. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
„გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს გამოთქმის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი გამოხატული იყოს მშვიდობიან და წყნარ ფორმებში. შესაბამისად, დროა, საქართველომ განაგრძოს მშვიდობიანი წინსვლა და იმუშაოს იმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა როს უილსონმა.
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აქციის შეფასებასთან ერთად, გუშინდელი ინაუგურაციის ცერემონიაც შეაფასა.
„ჩვენ ძალიან მოხარულნი და ამაყნი ვიყავით გუშინ, რომ ვმონაწილეობდით ინაუგურაციის ცერემონიალში. ჩვენს დელეგაციას უძღვებოდა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე. USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც 25 წელიწადზე მეტია, მუშაობს საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებას. მინდა, გითხრათ, რომ მეც და USAID-ის ხელმძღვანელმა მივულოცეთ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება“, – განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.
16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციების დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გვიან ღამე, 7 დაშავებული პოლიციელი გურჯაანის საავადმყოფოშ მოინახულა და კომენტარიც გააკეთა. მისი განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდება და ყველა აგებს პასუხს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო და ამ რანგში პირველი სიტყვაც წარმოთქვა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.