18 იანვარს, თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) მიერ პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შესრულდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო გახსნა ანკარისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში მოეწყობა.
„გახსნის საზეიმო ცერემონიას მაღალი დონის სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან ანკარაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.
ზემოაღნიშნული პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანკარაში საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.