სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელშიც საჯარო სკოლებში წყალსა და სანიტარიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზეა საუბარი.
„ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების მონიტორინგი განახორციელა. კერძოდ, მოიკვლია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, შეამოწმა 108 საჯარო სკოლა, მოაწყო ფოკუს-ჯგუფები მოსწავლეებთან; შეისწავლა სკოლების შიდა რეგულაციები და მიღებული ინფორმაცია შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობით დაამუშავა.
მონიტორინგით გამოვლინდა, რომ სკოლების დიდ ნაწილში ნაკლებად ხელმისაწვდომია სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; წყალმოხმარების ობიექტები და საპირფარეშოები გაუმართავი ან მოუწესრიგებელია, რიგ შემთხვევებში, ანტისანიტარული მდგომარეობაა. წყალის არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და დამლაგებლებს, ვინაიდან მათ
ტექნიკური გამოყენების წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უხდებათ. ასეთ პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ.
ანგარიშის თანახმად, შემოწმებული დაწესებულებებიდან 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. შემოწმებული სკოლების 77.4%–ს არ გააჩნია წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური შიდა რეგულაციები.
სახალხლო დამცველის განცხადებით, შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. ნინო ლომჯარიას თქმით, წყალზე ხელმისაწვდომობაბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა.
საქართველოში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით წყალი საერთოდ არ მიეწოდება 94 საჯარო სკოლას, 2 084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდება წყლისა და სანიტარული ნორმების დაცულობა; თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავება რჩება.