თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები განვითარდა.
„პრობლემის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება – უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა და გატარდა ყველა აუცილებელი პირველადი ღონისძიება. პარალელურად, დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. კვლევამ აჩვენა, რომ პროცესის ძირითადი მიზეზია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ინტენსიური ჩადინება, რასაც ემატება მდინარე მტკვრის ჰიდროდინამიკური ზემოქმედება ნაპირდაცვით კონსტრუქციებზე, ასევე, მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მოიცავს ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულ აღდგენას.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულებისთვის, დაახლოებით, ოთხი თვე იქნება საჭირო, დროის ამ მონაკვეთში კი ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ შეაზღუდება. მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3,5 მილიონ ლარს შეადგენს.
