მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივა „დედაენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებმა ამ წიგნით შეუფერხებლად ისწავლონ.
ცვლილება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, აღნიშნულმა ინიციატივამ მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა სისტემაში უკვე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არსებობას, გამოიწვია კითხვები, თუ რამდენად შეზღუდავდა სხვა სახელმძღვანელოების დაშვებას სასწავლო პროცესში.
„არსებული სახელმძღვანელოების შეზღუდვა არ მოხდება აღნიშნული ინიციატივით, თუმცა ინიციატივაში არ იყო მითითებული სხვა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ჩანაწერი. კომისიამ, რომელიც იქნება შესაბამისი ექსპერტებით წარმოდგენილი, უნდა მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის – იაკობ გოგებაშვილის 1912 წლის სახელმძღვანელოს რედაქტირება და თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოყვანა. შეგვიძლია, ამავე კომისიას მივანიჭოთ შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული სახელმძღვანელოები შეაფასოს და დაადგინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მათი შესაბამისობა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
დღესვე კომიტეტმა განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტის წევრების – ალექსანდრე ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილისსაკანონმდებლომ ინიციატივაა.
კანონპროექტის მიზანია მე-3 მუხლი შესაბამისობაში მოვიდეს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებასა და მოთხოვნებთან.
ალექსანდრე ქანთარიას განმარტებით, „საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება.“
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.
„ვფიქრობ, პრინციპების დონეზე მხარი უნდა დავუჭიროთ, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი, თუმცა მუხლობრივად განხილვამდე ჩავატაროთ დამატებითი განხილვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსთან გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისი დეფინიციები შევიტანოთ კანონში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტმა განიხილა 402 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით.
პეტიციაზე ხელმომწერნი ითხოვენ, სკოლაში შესვლა დასაშვები გახდეს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი ან მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე.
მარიამ ჯაშის მოსაზრებით, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანია პეტიციით წარმოდგენილი მოთხოვნის თაობაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსაზრება, უმჯობესია საკომიტეტო განხილვამდე დოკუმენტი სამინისტროს გადაეგზავნოს.
„სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით გავაგრძელოთ წარმოდგენილ პეტიციაზე მსჯელობა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.