მამაკაცი, რომელმაც გენერალური პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ლევან ჯიქური აღმოჩნდა.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ლევან ჯიქურსა და მისი ინტერესების დამცველს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორი შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ლევან ჯიქური, ბოლოს, სამართალდამცველებმა, ქურდობის ბრალდებით, 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს.
უწყების განმარტებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით.
თუმცა, ოჯახური მდგომარეობის გამო, მას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია და თავის დაწვაც სწორედ ამის გამო სცადა.
ქურდობაში ბრალდებულს საკუთარი მოთხოვნა აქვს და თავისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
„ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატთან კომუნიკაციის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს.
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან ერთად, ბრალდებულ ლევან ჯიქურს განუცხადა, რომ პროკურატურა დამატებით შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს და დღეს მოწოდებულ ინფორმაციას, მიღებული გადაწყვეტილება კი მას გონივრულ ვადაში ეცნობება.
წარსულში ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლებული ლევან ჯიქური, ქურდობის ბრალდებით, 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს.
მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
ლევან ჯიქურს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით.
დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, თავისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.
ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა, ამჟამად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს“ – განუცხადეს „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ნაშუადღევს, გენერალური პროკურატურის შენობასთან მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
მამაკაცმა თავის დაწვა გირაოს თანხის უქონლობის გამო სცადა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
2019/04/10 17:45:27

კომენტარები
ნანახია: 735 ჯერ