შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა, საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ სიტუაციასა და სამინსიტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მინისტრის მოადგილემ ასევე, მოპედების რეგულაციების შემოღების შესახებაც ისაუბრა.
„მოდით დავიწყოთ იმით, დღეს რა რეგულაციები გვაქვს – დღეს გარკვეული ტიპის მოპედები, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილეები არიან და ალბათ, ყველა ვხედავთ ამას, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ არიან მოქცეულები. ფაქტიურად, ასეთი მოპედი, საერთოდ, არც ითვლება მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სივრცე იმის საშუალებას იძლევა, რომ ქალაქში დღეს ყოველგვარი კონტროლის გარეშე დადიან. ჩვენი ამოცანა არის, რომ მოვახდინოთ უპირველეს ყოვლისა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, იმიტომ რომ ისინი არიან საგზაო მოძრაობის მონაწილეები. ასევე, ვინაიდან არანაირი რეგულაცია არ არსებობს შეიძლება ასეთი მოპედის საჭესთან ვიხილოთ მაგალითად 16 წლამდე ასაკის პირები. შესაბამისად, ეს პირები თავისუფლად გადაადგილდებიან სავალ ნაწილში, მათ შორის ისეთ ზოლში, რომელშიც წესით არ უნდა გადაადგილდებოდნენ. ეს არის ის ნაწილი, რომლის მოწესრიგებაც ჩვენ გვინდა“. – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.