პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე (ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩებზე) სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები: მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, დენის და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სუსტი დენის სისტემები. ჯამში აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან 10 შენობა აშენდა ხელახლა. გარდა შენობებისა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრირდა გადარჩენილი ნაწილი, განახლდა რკინის და ხის ნაკეთობები, გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია. შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია. სადგომი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეომეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის ღირებულება 9 მლნ ლარია. რეაბილიტაციის პროცესში, ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა. რეაბილიტაციის პროცესში კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო 4 სასტუმროს და 2 სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 15 მლნ ლარია. დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის – 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია. რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 15 მლნ ლარია.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამშენებლო კომპანია “ანაგმა” შეასრულა.