რომის პაპმა ლეო XIV-მ, რომელიც ილინოისის შტატში ამომრჩევლად არის რეგისტრირებული, მომავალ კვირას გასამართ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ბიულეტენი ვატიკანში, პაპის რეზიდენციაში უნდა გაიგზავნოს. NBC News-ის ინფორმაციით, თუ პაპი ხმას მისცემს, ის აშშ-ის არჩევნებში მონაწილე პირველი რომის პაპი იქნება.
რომის პაპმა, რომლის საერო სახელია რობერტ ფრენსის პრევოსტი, საფოსტო ბიულეტენის მოთხოვნა 3 ოქტომბერს გაგზავნა. ხმის მიცემის შემთხვევაში, ბიულეტენი ილინოისის ქალაქ ჯოლიეტში უნდა გაიგზავნოს.
2025 წლის მაისში ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპი გახდა. შესაბამისად, თუ ის აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ისტორიაში პირველი რომის პაპი იქნება, რომელიც ამერიკულ არჩევნებში ხმას მისცემს.
როგორც NBC News-ი იუწყება, პაპად არჩევის შემდეგ ლეო XIV დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ქმედების, მათ შორის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომისა და მიგრანტების მიმართ ადმინისტრაციის მიდგომის ღია კრიტიკოსად იქცა.
აპრილში, მას შემდეგ, რაც პაპმა 28 თებერვალს დაწყებულ ომში მშვიდობისკენ მოუწოდა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით დაიწყო, ლეო XIV-ს და დონალდ ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირება მოხდა.
ტრამპმა სოციალურ ქსელში პაპი „დანაშაულთან ბრძოლაში სუსტად“ და „საგარეო პოლიტიკის საკითხებში საშინლად“ მოიხსენია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პაპის არჩევაში თავადაც მიუძღოდა წვლილი.
„პაპ ლეოს დიდი გულშემატკივარი არ ვარ“, – განაცხადა მაშინ ტრამპმა.
ლეო XIV-მ ამ განცხადებებს NBC News-თან ინტერვიუში უპასუხა. პაპის თქმით, მას „ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია“ და მშვიდობისკენ მოწოდებას კვლავ გააგრძელებს.
