ყველას, ვინც კახა კალაძის დისკრედიტაციისთვის ჩემი შვილი გამოიყენა, სასამართლოში შევხვდები, – ამის შესახებ შშმ მოზარდის, გიგი ანთაძის დედა, თათო გვარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ამ პოსტით გიგის დედამ იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებმაც გიგის მეტროში ფოტო გადაუღეს და „ფეისბუქ“ სტატუსი დაწერეს, რომ ბავშვი მერიამ მოატყუა და ახლა თავს მოწყალებით ირჩენს.
„გიგი არის 16 წლის ბიჭი უამრავი პრობლემით, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ბოლო დროს მოინდომა და დაინტერესდა ქუჩის მუსიკოსობით, დადის, სეირნობს თავისი დინამიკით და მღერის (როგორ გამოსდის, სხვა თემაა), ვისაც შეხება გქონიათ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთან, დამეთანხმებით, რომ მათი მართვა და შენს ჭკუაზე გადმოყვანა რეალურად შეუძლებელია.
რაც შეეხება ვინმე ლიას პოსტს, რომელმაც უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრებით, ვითომ კახი კალაძის ბრალია გიგის პრობლემები, დაწერა ყოვლად აღმაშფოთებელი პოსტი და ერთი წამით არ უფიქრია გიგიზე და მისი ფოტოები გამოაქვეყნა – აუცილებლად შევხვდები სასამართლოში.
აღარ ვლაპარაკობ ერთ-ერთ სააგენტოზე, რომელიც მზად არის, კალაძის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს 16 წლის შშმ ბავშვი.
რაც შეეხება გიგის ჯიხურს, მერიის დახმარებით, ვაკის პარკშია გადატანილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომისა და გაგებისთვის, თქვენ ბევრად მეტი ხართ, ვიდრე „კეთილისმსურველები“, – წერს თათო გვარიშვილი.