მინდა, ეს იყოს მადლობის თქმის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა20 ივნისის აქციის დროს მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში.
„მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო მთელი საზოგადოებისგან. „ნიუ ჰოსპიტალში“ ღამის განმავლობაში სულ 24 პაციენტი შევიდა, 6 პაციენტის შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მათ შეუნარჩუნდათ მხედველობა. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან მხედველობა, ახალგაზრდების თვალები ჩვენი მომავლის თვალებია. სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დღემდე მძიმეა და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მინდა, დავაჯილდოვო მარიამ გოლოვაჩოვა, ქირურგ-ოფთალმოლოგის ღვაწლი, რომელსაც 21 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა და მორიგეობა გადაცვალა 20 ივნისისთვის და სწორედ ამ ღამეს მოუწია თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის წარმატებით შესრულება.
„რეგიონალურ ჰოსპიტალს“ მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს რეჟიმში უწევდა მუშაობა, იქაც ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდათ. სასწაულებიც ხდება და ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა ახალგაზრდა ქირურგ-ოფთალმოლოგ რეზო ომიაძეს. მას გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში დაბრუნდა, ესეც აღსანიშნავია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.