საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქცია დღესაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება პარიზში, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის წინ აღმართული ბარიკადების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ხუთშაბათს დილით, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმთან ათობით მოსწავლემ ქუჩაში ნაგვის ურნები გამოიტანა და ბარიკადები აღმართა. პოლიციამ ტერიტორიის გასათავისუფლებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ელენ ბუშეს ლიცეუმი საფრანგეთის დედაქალაქში მოსწავლეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კერად იქცა. ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამო ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა.
მოსწავლეების საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად, დღის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სულ მცირე 12 დემონსტრაციაა დაგეგმილი.
მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს დასასრული ჯერ არ უჩანს.
