მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ადვოკატის თქმით, კალანდიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
„დაცვის მხარეს ჰქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას. ეს არ არის ძირითადი საქმის მოსამართლე, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ იმსჯელოს იქიდან გამომდინარე, რომ არსებითი საქმე როდესაც გადაეცემა სასამართლოს, იმ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი… არსებითი საქმის განხილვის დროს აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია ამ საქმემ თავი დაიმაგროს სასამართლოში და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს,“ – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება, ბრალდების მხარეს, პროკურატურის პოზიციაა, რომ საქმეში არსებობს რისკები, რის გამოც, მიხეილ კალანდია უნდა იყოს პატიმრობაში, მათ შორის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საქმე.
ასევე, პროკურორის მტკიცებით, საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი იმაზე, რომ მიხეილ კალანდიამ დავით სარალიძის მკვლელობა ნამდვილად ჩაიდინა.
“არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ, საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა. ასევე, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გადასინჯა, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, შესაბამისად, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით ასევე დარჩა ძალაში,” – ამბობს პროკურორი.
მორიგი განხილვა საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს გაიმართება.