„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიაში განთავსებული კომპანია „ინტერმედიადან“ დოკუმენტაციის ამოღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება.
როგორც არხის გენ.დირექტორმა განმარტა, ტელეკომპანიაში ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ალოგიკური ხელშეკრულებებია გაფორმებული, მისი თქმით, სწორედ არსებული მდგომარეობის საფუძველზე მიმართა საგამოძიებო უწყებას.
„ჩვენი ვალდებულებაა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელი შევუწყოთ. პროკურატურის ყურადღების მიპყრობას „რუსთავი2“-ის მიმართ, აქვს რამდენიმე საფუძველი. ტელეკომპანიაში ფინანსური მდგომარეობა რთულია. ალოგიკური ხელშეკრულებებია გაფორმებული. შესაბამისად, მივმართე განცხადებით საგამოძიებო უწყებას, რადგან დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და აქედან გამომდინარე, მივმართე პროკურატურას. განცხადებაში ზოგადი ინფორმაციაა არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც რაიმე ტიპის შესაძლო დანაშაულს ეხება. აქ ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას“, – განაცხადა პაატა სალიამ.