„მწყემსი თუ „ქილერი“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ რამდენიმე დღის წინ კახეთში, ყოფილი პარლამენტარის ნოდარ მოდებაძის მკვლელობის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყოფილი პარლამენტარი და „აკურას“ ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მეწილე, მას შემდეგ მოკლეს, რაც მას პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების მიერ წართმეული ქონება – ღვინის ქარხანა უკან დაუბრუნა.
სტატიის ავტორი, ნოდარ მოდებაძის მკვლელობასა და ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ ბესო ხარძიანიც სწორედ მაშინ მოკლა „ქილერმა“, რაც მას პროკურატურამ კუს ტბა დაუბრუნა.
„რატომ კლავენ იმ ადამიანებს, რომლებიც წართმეულის დაბრუნებასა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ შელახული უფლებების აღდგენას ახერხებენ?! იქნებ ნოდარ მოდებაძის მკვლელობაც, ბესო ხარძიანის მკვლელობის მსგავსად, საგანგებო სიგნალია – სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრიც არ გაბედოთ და ნაცების მიერ წართმეულის უკან დაბრუნებაზე არ იოცნებოთ, თორემ ყველაფერს წაგანთხმევინებთ და სისხლით გაზღვევინებთო?!
იქნებ, მწყემსის მიერ ნოდარ მოდებაძის მკვლელობა სულაც არ არის „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე“ მომხდარი დანაშაული და ამ მწყემსს სხვა ვიღაცები მწყემსავდნენ – ისინი, ვისაც უნდა რომ ადამიანებს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელი ააღებინოს და ათქმევინოს, არაფერი გვინდა, ოღონდ ცოცხლები დავრჩეთო! ნოდარ მოდებაძის მკვლელ მწყემსს რომ ვიღაცა მწყემსავდა, ამ ეჭვს შემდეგი გარემოებებიც ბადებს – მწყემსი ნოდარ მოდებაძის მიერ გაშენებულ ვენახში სისტემატურად უშვებდა საქონელს! ნოდარ მოდებაძემ რამდენჯერმე გააფრთხილა ის მწყემსი, ნუ აკეთებ ამასო! მწყემსი თავისას არ იშლიდა და საოცარი მოწადინებით ცდილობდა, საქონელს ნოდარ მოდებაძის ვენახი დაეზიანებინა. ნოდარ მოდებაძეს ეჭვი ჰქონდა, რომ მწყემსი ამ მავნებლობას ვიღაცის დავალებით სჩადიოდა! ალბათ, იმათი ვისაც გულზე ლახვრად ჰქონდა დასობილი, რომ ნოდარ მოდებაძემ ნაცრეჟიმის მიერ წართმეული ვენახი და ღვინის ქარხანა დაიბრუნა!
იმ დღესაც ვენახში საქონლის შედევნის გამო უკამათია მწყემსთან. ცოტა ხანში სანადირო თოფით ხელში დაბრუნდა. ბუჩქებს ამოეფარა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა! ნოდარი წყაროსთან იყო დახრილი და წყალს სვამდა, როცა ბუჩქებში ჩასაფრებულმა მწყემსმა ზურგში ორი ტყვია ესროლა. იგი ორმა ტყვიამ ვერ წააქცია. შემოტრიალდა და მწყემსს უთხრა – შვილო რას აკეთებო?! მწყემსმა კი კიდევ ხუთჯერ ესროლა! ესროდა მანამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ მოდებაძე ცოცხალი აღარ იყო! აშკარაა, რომ მწყემსს ნოდარ მოდებაძის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული! განზრახული თუ დავალებული?“ – წერს სტატიის ავტორი.
ამასთანავე, სტატიის ავტორი ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ „ნაციონალების“ მიერ წართმეული ქონების უკან დაბრუნებაზე კი არა უნდა იზრუნოს, არამედ საგანგებო ზომებიც უნდა მიიღოს იმ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, რომლებსაც წართმეული ქონება უკან დაუბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე სანადირო თოფით თანასოფლელმა მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე დღეში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
სწორედ, 2004 წელს, ნოდარ მოდებაძის ჩვენების საფუძველზე, მთავარ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქმე აღიძრა, სსკ – ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, “აკურის” ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის გამო, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2015 წლის ნოემბერში ახალი ბრალი წარედგინათ, ხოლო ნოდარ მოდებაძეს წართმეული ქონება ღვინის ქარხანა „აკურა“ უკან დაუბრუნდა.