საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემულმა რუსმა ჰაკერმა ბრალი აღიარა.
საქმე ეხება ანდრეი ტიურინს, რომელმაც კიბერიერიშები 2012-დან 2015 წლამდე პერიოდში მოაწყო. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტიურინმა აღიარა შეთქმულებაში მონაწილეობა, თაღლითობა, არალეგალურ ინტერნეტთამაშებში მონაწილეობა და კომპიუტერულ ქსელებში შეღწევა. რუსეთის გენერალური საკონსულოს პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ტიურინის საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ, რუსი დიპლომატები ბრალდებულს შეხვდნენ.
2018 წლის სექტემბერში აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და აშშ-ის პროკურატურამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც საუბარი იყო საქართველოდან რუსეთის მოქალაქის, 36 წლის ანდრეი ტიურინის ექსტრადირების შესახებ. მას აშშ-ის ფინანსური დაწესებულებების, საინფორმაციო სააგენტოების, საბროკერო ოფისებისა და უცხოური კომპანიების კუთვნილ კომპიუტერებში შეღწევაში სდებდნენ ბრალს. გამოძიების ცნობით, ტიურინმა 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემების მიღება შეძლო. ბლუმბერგი წერს, რომ ბრალის აღიარების შემდეგ, ტიურინს ციხეში 15-20 წლამდე გატარება მაინც მოუწევს. სასჯელის ვადას მას მოსამართლე განუსაზღვრავს.