პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულ მსჯავრდებულთა სია თითქმის ერთი თვეა უკვე კრიტიკის საგანია. შეწყალებულთა შორის ერთი ძებნილიც არის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა რამდენიმე კვირის წინ.
“იმედის კვირის” ინფორმაციით, ეს მსჯავრდებული გელა გოგოლაძეა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ლონდონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
გელა გოგოლაძე სამშობლოდან 2008 წელს წავიდა. მისი კომპანია “ჰორიზონტი” ჯანდაცვის სამინისტროს შენობის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებდა, სამუშაოების თითქმის 80% შესრულებული ჰქონდათ, როცა სახელმწიფოს მისი კომპანიის დავალიანება დაუგროვდა, სამინისტროში მენეჯმენტი შეიცვალა და ახალ ადმინისტრაციას ტენდერებთან დაკავშირებით პირადი ინტერესი გაუჩნდა. ჰორიზონტის აღმასრულებელმა დირექტორმა კი კუთვნილი თანხის მისაღებად სასამართლოს მიმართა.
გელა გოგოლაძე “იმედის კვირასთან” ამბობს, რომ ამის შემდეგ მის კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა, არაერთხელ დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში, სთხოვდნენ, საარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის შეწირვას. სისხლის სამართლის საქმე კი ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილი იმ დანადგარის გამო აღძრეს, რომლის თვითნებურად გაყიდვასაც ედავებიან.
“მოვხსენით დანადგარი და გაირკვა, რომ ორი აღარ სჭირდებოდათ და ჩემს ტერიტორიაზე იყო, 10 წერილი მაინც მივწერე, რომ წაეღოთ, მაგრამ მერე მითხრეს იმ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისთვის წაიღეო. და მე გავყიდე, რომ მუშებისთვის ხელფასი მიმეცა”, – თქვა გელა გოგოლაძემ.
დიდ ბრიტანეთში თავდაპირველად დევნილის სტატუსი მიიღო, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კი ინტერპოლმა ძებნის წითელი ცირკულარიდან მოხსნა.
გელა გოგოლაძის დედა მეთერთმეტე წელია შვილის დაბრუნებას ელოდება. ის ამბობს, რომ შეწყალების თხოვნით პირველად გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა საპასუხო უარი კომისიიდან მსჯავრდებულს ლონდონში გაუგზავნეს, მიზეზად კი თქვეს, რომ პრეზიდენტი ძებნილს ვერ შეიწყალებდა.
2019 წლის ივნისში, ბორჯომში სტუმრობისას პრეზიდენტ ზურაბიშვილს წერილი გადასცეს, ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზი მას გელა გოგოლაძის შეწყალებას სთხოვდა.
როგორც ირკვევა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციას იმავე თხოვნით დიდი ბრიტანეთის ქართულმა სათვისტომომ, ლონდონში ქართული ეკლესიის წინამძღვარმა და თავად მსჯავრდებულმაც მიმართეს. გელა გოგოლაძის დედა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შვილის საქმეს პირადად გაეცნო, თუმცა ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ არ იცნობდა მკვლელობისთვის გასამართლებულთა საქმეებს.
გოგოლაძის დედა ამბობს, რომ მას არასდროს უნახავს დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე, მხოლოდ მედიით შეიტყო.
შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი 27 სექტემბერს გამოკითხეს.
