სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.
როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორის
- სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს;
- დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.
რას ამბობდა ღარიბაშვილი წერილში
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მეორე ბრალი წაუყენეს (ქრთამის აღების მუხლით), მოითხოვს მისი საქმე ღია სასამართლო სხდომებზე განიხილებოდეს.
9 ნოემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ მე-10 წერილში ის ამბობს, რომ გასულ ორშაბათს, 2 ნოემბერს, როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სასამართლოს დარბაზში „პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ“ სურდა საუბარი, თუმცა „უსამართლო გადაწყვეტილებით“, სხდომა დაიხურა.
