შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა.
„ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მკაფიო სიგნალი, მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავეცანი გენერალური მდივნის მოადგილეს, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ელჩებს, დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადმოცემული ორი ხომალდი ჰაილენდის კლასის, რომელიც გადმოეცა შსს-ს სანაპირო დაცვას. აქვე მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია, ჩვენ ჩართულები ვართ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოსთვის ნატო-ს ან რომელიმე წევრის მხრიდან საქართველოსთვის დამატებით ხომალდების გადმოცემა, გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.