„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან და თბილისის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. საქმე ეხება იმ მშენებლობებს, რომელიც უკვე ათი წელია დაუსრულებელია, მათზე სასამართლო პროცესები კი ახლაც გრძელდება.
„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა ქუჩის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიციელებმა მათ განუმარტეს, რომ გზის გადაკეტვის შემთხვევაში აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული წესით დაკავება დაემუქრებათ. ამის შესახებ დაზარალებულებმა მერიის შესასვლელთან გადაინაცვლეს.
ისინი დედაქალაქის მთავრობას და პირადად კახი კალაძეს მოუწოდებენ, ჩაერთოს ინვესტორთან მოლაპარაკებებში, რათა დაზარალებულების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან სანამ სახელმწიფო და კომპანია „ცენტრ პოინტი“ მათ კონკრეტულ გეგმას არ წარმოუდგენენ.
ვიცემერის ილია ელოშვილის განცხადებით, დაუსრულებელი მშენებლობების კომისია უკვე შექმნილია და გაფართოებული შეხვედრა 7 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
„ცენტრ პოინტთან“ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. დაბარებული გვყავს ყველა ობიექტის წარმომადგენელი მშენებელი, რათა კიდევ ერთხელ გავეცნოთ მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ამ ობიექტებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე, ისევე როგორც „სვეტთან“ დაკავშირებით მოხდა, „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებითაც გვქონდეს სრული სიცხადე, თუ რა ვადებში დასრულდება ეს მშენებლობები“, – აღნიშნა ელოშვილმა.
ის დაზარალებულთა 5-კაციან ჯგუფს შეხვდა და დაპირდა, რომ 7 ოქტომბერს ჩანიშნულ შეხვედრას მათი ერთი წარმომადგენელიც დაესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 31 მარტს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.
გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.
