მოლდოვის ქალაქ ვადულ ლუი ვოდაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამსახურეობრივ ძაღლ „ნელას“ წარმატება ერგო. მან თავის კინოლოგ-ინსტრუქტორთან რომან ნიკურაძესთან კინოლოგიურ შეჯიბრში თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაში მესამე ადგილი მოიპოვა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2 წლის ,,ნელა“ კინოლოგ ოფიცრის ახალბედა მეგობარია. რომან ნიკურაძე მასთან სულ რაღაც ოთხი თვეა მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში ,,ნელამ“ ბევრი კარგი შედეგი აჩვენა. ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი სწავლება აუცილებელი უნარების გამოსამუშავებლად საკმარისი აღმოჩნდა.
შეჯიბრი გაიმართა მოლდოვის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის, ლატვიის, აშშ-ის, ავსტრიის, ლიეტუვის, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთისა და პოლონეთის საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიური გუნდები.
გამარჯვებული პოლონეთის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიური გუნდი გახდა. მეორე ადგილი მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიურმა სამსახურმა დაიკავა.
