აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მეორე ინფორმატორმა მისცა ჩვენება. ამის შესახებ პირველი ინფორმატორის ადვოკატებმა განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეორე ინფორმატორიც, პირველის მსგავსად, აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელია. ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლი განცხადებას ჯერ არ აკეთებს. ასევე სხვა დეტალები უცნობია.
სექტემბერში აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა (.pdf) გამოქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს.