რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. საქმეში არსებული პოლიციელებისა და მოკლულის მეგობრის გიორგი გეთაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ დადეშელის გატაცება რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა, ერთ-ერთი ორგანიზატორი კი დავით მიროტაძე იყო. ამის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.
მან გამოძიებას უამბო, რომ მისმა სიძემ ზურა ჯღარკავამ დახმარება ჯერ კიდევ სექტემბერში სთხოვა. სცენარი ასეთი იყო, მას შემდეგ, რაც მკვლელობაში ბრალდებულებისა და მოკლულის საერთო მეგობარი გეთაშვილი დადეშელს სახლიდან გამოიყვანდა, მას დააკავებდნენ, განაიარაღებდნენ და ჯღარკავასთან მიიყვანდნენ. მიროტაძემ დახმარება ღუბიანურსა და დუღაშვილს სთხოვა. იმ აღიარებითი ჩვენებებით, რომელიც საქმეში დევს ყოფილმა და მოქმედმა სამართალდამცველებმა მეგობრის ავტომობილს სანომრე ნიშნები რუსთავში შეუცვალეს და 1 ოქტომბერს თბილისში ცინცაძის ქუჩაზე ჯღარკავასთან, ასათიანთან და გეთაშვილთან ერთად გატაცების დეტალები დააზუსტეს.
მიროტაძე ჩვენებაში ყვება, თუ როგორ წავიდნენ გლდანში, როგორ გადმოიყვანეს მანქანიდან დავით მუმლაძე, განაიარაღეს და წაიყვანეს რუსთავში, სადაც ჯღარკავას და ასათიანს ჩაუსვეს მანქანაში, მტკიცებულებები კი მტკვარში გადაყარეს.
წინასწარი გამოიძებისთვის მიცემული ჩვენებები დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე უარყვეს. გიორგი ასათიანას კი არც გამოძებისთვის უთქვამს რამე და არც სასამართლოსთვის. საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ, დუმილის უფლებით სარგებლობენ სხვა ბრალდებულებიც. მათ უარყვეს ისიც, რომ მიროტაძემ მეგობარ სამართალდამცველებს 4000-4000 ლარი გადაუხადა და ისიც, რომ ჯერ კიდევ გვამის გამორიყვამდე გაიგეს პოლიციელის სიძისგან, რომ დადეშელი ჯღარკავამ და ასათიანმა მოკლეს.
გამოძიებამ სასამართლოში მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, ბრალდებულთა შესახებ ინფორმაცია სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარადგინა. საქმეს დაერთვება სატელეფონო ანძებიდან დეტალურ ამონაწერები, ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულთა ნივთებსა და გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. საქმეში ჯერ არ ადევს მკვლელობის იარაღი და არც დადეშელის ნივთები, რომელიც მიროტაძემ, ჩვენების მიხედვით მტკვარში გადაყარა. აღწერილ ტერიტორიაზე სამართალდამცველები იარაღს წყალში ეძებდნენ. გამოძიებამ ჯერ მკვლელობის ზუსტი ადგილი და დრო არ იცის, რადგან ბრალდებულები ამ საკითხზე დუმან. მიროტაძე ამბობს, რომ ეგონა, დადეშელს “ჭკუის სასწავლად” მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ადგილი, სადაც ჩვენების მიხედვით მათ დადეშელი მკვლელობაში ბრალდებულებს გადასცეს მტკვრის ნაპირზე, დაუსახლებელი ტერიტორიაა, თუმცა იქ მეთევზეები, ჯართის შემგროვებლები და მწყემსები ხშირად არიან.
გამოძიებამ დანაშაულის მოტივად შურისძიება დაასახელა. “იმედის კვირამ” გაარკვია, რომ ასათიანსა და ჯღარკავას დადეშელთან კონფლიქტი ჰქონდათ, არ არის გამორიცხული, ეს მათ საზღვარგარეთ საქმიანობას და გარკვეულ თანხებს უკავშირდებოდეს. “იმედის კვირის” ინფორმაციით, დადეშელს სამართალთან პრობლემები ჰქონდა გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში, საქართველოში ნასამართლევი არ არის, თუმცა იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.
გიორგი ასათიანი საქართველოში ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი, რომლის ნამდვილი გვარიც შონიაა, გვარი შეცვლილი აქვს ზურა ჯღარკავასაც, ის ბარბაქაძეა და 2004 წელს საქართველოში ქურდობის მცდელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვისაა ნასამართლევი. 2018 წელს კი ქურდობისთვის პრობლემები შეექმნა ესპანელ სამართალდამცველებთან. საზღვარგარეთაა ნასამართლევი გიორგი გეთაშვილიც, რომელსაც ასევე შეცვლილი აქვს დოკუმენტები და მისი ნამდვილი გვარი ოქრუაშვილია.
რუსთავში 35 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს 9 ოქტომბერს პატიმრობა შეეფარდა. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ორი ყოფილი პოლიციელია.