შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა.
უწყების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ილია ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ:
– ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ავტოტრანსპორტი შეფერხების გარეშე იმოძრავებს მხოლოდ ცალმხრივად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;
– ნინო რამიშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის ქუჩებიდან გამომავალი ტრანსპორტი, ასევე, იმოძრავებს მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;
– მიმდინარე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაიკეტება ილია ჭავჭავაძის გამზირი – დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, ასევე, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩისა და ილია ჭავჭავაძის გამზირი-ნინო რამიშვილის ქუჩის კვეთები. აღნიშნული ქუჩებიდან ტრანსპორტი ვერ მოხვდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე;
– ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმართულებით სვლის გაგრძელებას შეძლებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით;
– ლადო კავსაძის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება ცალმხრივად, მხოლოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით;
– ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მომავალი ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც ავტომანქანების ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით;
– ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად, ნინო რამიშვილის ქუჩის გავლით;
– დიდიმ მირცხულავას ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი კი დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებს ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;
– გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი ავტომანქანები დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოხვდებიან ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე;
– პარკირება აიკრძალება ნიკოლოზ ბერძენიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ნინო რამიშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩებზე.