ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N76-თან არსებულ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 3 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ადგილობრივი მცხოვრებლების და საწარმო „ნოვას“ თანამშრომლების გარდა, ამ გზით სარგებლობენ ფეიქრების ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული მოქალაქეები, რადგან აღნიშნული შესახვევი ფეიქრების ქუჩას აკავშირებს გურამიშვილის გამზირთან. ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ იყო ასფალტის საფარი, იყო მხოლოდ გრუნტიანი გზა, რის გამოც ფეხითმოსიარულეებს წვიმიან ამინდში დისკომფორტი ექმნებოდათ. გასულ წელს ასფალტის საფარი ტერიტორიის ნაწილზე დავაგეთ, ახლა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოვაწესრიგეთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 200 000-მდე ლარი დახარჯა.
