სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოს მთავარი გმირი, ლაბრადორის მეტისი, რომელიც მოძრავ ავტომობილს მისდევდა, უკვე სანდო ხელშია. მას ახალი პატრონი ჰყავს. ის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მანჩო გიორგობიანია.
„არ მინდოდა ახალი ძაღლი. ერთი თვის წინ მომიკვდა ჩემი ლაბრადორი და აღარ ვფიქრობდი ახლის ყოლას. სამწუხაროდ ცხოველები მალე კვდებიან… თუმცა, ეს კადრები რომ ვნახე, როგორ მისდევდა ის მანქნას, გული გამიჩერდა“ – უყვება „პრაიმტაიმს“ გიორგობიანი.

„დღემდე კიდევ მეგონა, რომ პატრონმა დაიტოვა, მაგრამ დღესაც რომ გავრცელდა ფოტო, რომ ის ქუჩაში იყო და ბავშვები უვლიდნენ, სოციალურ ქსელში დავწერე – მოვალ და წავიყვან-მეთქი… რომ მივედით მე და ჩემი სიძე დიდ დიღომში, შეშინებული დაგვხვდა. ძალიან დასტრესილია. როცა მანქანაში ჩავსვით და მიხვდა, რომ მხოლოდ ვეფერებოდი და არაფერს ვერჩოდი, მაშინ უკვე მოგვეწება ორივეს. სხვათა შორის, მითხრეს, რომ იმ მანქანის მძღოლი არ ყოფილა ძაღლის პატრონი, რომელსაც მისდევდა, თუმცა, მას აშკარად ეტყობა, რომ სახლი ჰქონდა და პატრონი ჰყავდა. ბრძანებებიც იცის“.
მანჩო გიორგობიანის ახალი ოთხფეხა მეგობარი მეტისია – ლაბრადორის და მეძებარის ნაჯვარი.

„როგორც ჩანს, პატრონმა სწორედ იმიტომ დაიწუნა, რომ შერეული იყო. ლაბრადორიც მყავდა, მანამდე კი სპანიელი. ასე, რომ კარგად ვიცი ორივე სახეობის ხასიათი. ერთადერთი, რასაც ვნერვიულობ ის არის, რომ არ ვიცი, ეს შიში როგორ მოვუხსნა. თუმცა, ძია ნოდარი მეკონტაქტება და მისი დიდი იმედი მაქვს“ – ამბობს გიორგობიანი.
სოციალური ქსელის ბოლო დღეების გმირს ახლა უკვე ახალი სახლი, მოსიყვარულე პატრონი და ახალი სახელი აქვს. მანჩომ მას ბობო დაარქვა.
„პრაიმტაიმი“
