ბრექსიტის მორიგი გადავადების გადაწყვეტილება ბრიტანეთის პარლამენტზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ახლა ლიდერებთან გადის კონსულტაციას და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
„კონსულტაციების შედეგები მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანეთის პარლამენტი. ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტს ევროკავშირთან ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეული ახალი შეთანხმება წარუდგინა, რომლის განხილვაც პარლამენტმა გადაავადა. ამის შემდეგ პრემიერი იძულებული გახდა, ევროკავშირისთვის წერილი მიეწერა, სადაც ის ბრექსიტის გადავადებას ითხოვს, თუმცა ბორის ჯონსონმა ევროკავშირში ორი წერილი გააგზავნა. მეორე წერილში ის წერს, რომ ბრექსიტის გადავადება დამღუპველი იქნება.