საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას არ სჭირდება შეხსენება, რომ ის მინისტრია.
როგორც მან მედიის წარმომადგენლების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება ეკუთვნით, გადამოწმების შემდეგ შეწყვეტილი გაცდენილი თვეები აუნაზღაურდებათ.
მისივე თქმით, ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ ემსახურება თანხების დაზოგვას.
“ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ გაცდენილი თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე. მათ ამის შესახებ რა თქმა უნდა, განვუმარტეთ. ეს არის 4-წლიანი ციკლი, რომელიც მეორდება და ისინი ყოველთვის არიან საქმის კურსში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ეს გაცდენილი თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. თქვენ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. თქვენ ახლა ცდილობთ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. გადამოწმება დაიწყო აგვისტოში, შესაბამისად, მათ 6 თვის წინ ვერ შეუჩერდებოდათ დახმარება. ახლა ჩვენ ვკამათობთ ისეთ აბსურდულ თემაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ არის თანხების დაზოგვის მიზნით. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება. დეტალურ პასუხს ჩემი მოადგილე გაგცემთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
