ტრაგედია იყო, რაც მოვისმინე მეუფე იაკობისგან, ეს იყო იმის გამხელა, რა მდგომარეობაშია ქორეპისკოპოსის სახით საქართველოს საპატრიარქო,- ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მეუფე იაკობის გუშინდელი განცხადებას.
“კანონიკური სამართალი მოითხოვს რომ კანონიკური სამართლის მიხედვით განისაჯოს ყველა მიუხედავად თავისი იერარქიისა და ძალიან მძიმე განაჩენია მსგავსი საქციელების მიმართ. ტრაგედია იყოს იმის მოსმენა, რაც მოვისმინე, გამხელა იმისა საზოგადოებისთვის თუ რა მდგომარეობაშია ქორეპისკოპოსის სახით საქართველოს საპატრიარქო, და ამასთანავე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია, რომელსაც ის წარმოადგენს. მეუფე იაკობი, ანუ ადამიანი, რომელმაც სხვას უნდა მოსთხოვოს ზნეობა, სასულიერო პირებს და საეროს. სჯულის კანონის თანახმად, როცა ადამიანი ერთხელ ვერ ადასტურებს თავის ცილისწამებას და უპასუხისმგებლო განცხადებას, მეორედ უკვე ამას ეკლესია არ ღებულობს, როგორც მბრალდებელსაც კი”,- აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.
მისივე თქმით, პასუხისმგელობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკისრება.
“პასუხისმგებლობას ვაკისრებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც ამ ზაფხულს დააჯილდოვა მეუფე იაკობი და თქვა, რომ ყველა ის არასწორი საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა, ზუსტი კონტექსტი ვერ მომყავს, მაგრამ თქვა, რომ ის ასრულებდა ჩემს ლოცვა-კურთხევასა და დავალებას. ამ ლოგიკით, ვფიქრობ, გუშინდელი მისი გამოხტომაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მისი დავალებაა, ამიტომ პატრიარქმა პირადად უნდა გასცეს პასუხი. მეუფე იაკობი პატრიარქმა ჩამომიყვანა სნოში, როდესაც ჯერ კიდევ მღვდელმონაზონი ვიყავი. ჩემი მღვდელმთავრობის პერიოდში აღიკვეცა ჩემ მიერ ბერად, ეწოდა სახელი იაკობი, დადო აღთქმა, რომელიც მან სამწუხაროდ, დაარღვია და იკურთხა სოფლის მღვდლად. მიმაჩნია, რომ სოფლის მღვდელზე მეტი მისთვის იყო გადაჭარბებული პატივი და ნდობის გამოცხადება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.
