“ძალიან ბევრი სასულიერო პირი მოვა და დადგება პატრიარქთან წირვაზე მხარდაჭერის გამოსახატად. წირვის ბოლოს ალბათ, იქნება კომენტარები”,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკვირაო წირვას დღეს პატრიარქი აღავლენს. დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ პეტრე ცაავას გადაწყვეტილებაც შეაფასა. მისი თქმით, სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია.
“არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათები. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას“, – განმარტა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა. “31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე. 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს და მისი თხოვნაა, მისი განმწესება სხვა მონასტერში მოხდეს.
