გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან , – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალბატონის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.
„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით – რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც, გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები, თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ ახალგორში ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა. მას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა.
