“მეუფე პეტრეს ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია – იყრიდა კენჭს და არ გამოუვიდა, შეიძლება ეს კომპლექსიც არის”, – ამის შესახებ მარტვილის და სალხინოს მონასტრების ყოფილმა და კოჯრის წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის მამათა მონასტრის ახლანდელმა წინამძღვარმა მამა ილიამ გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.
მამა ილიას თქმით, მეუფე პეტრე იყენებდა ისეთ ფრაზებს როგორიც არის “პოლიტიკური შეცდომა”, “პოლიტიკური ფიგურა”:
“ჩემთვის უცნაური ფრაზები ჰქონდა – ჩემთვის უსაყვედურია “პოლიტიკური შეცდომა ხომ არ უნდა დამაშვებინო“-ო. რა შუაშია პოლიტიკური შეცდომის დაშვება. ჩემთვის უთქვამს “შენ პოლიტიკური ფიგურა ხარ”. ეს მისი აზრით, კომპლიმენტი იყო.
როცა მას ვეხვეწებოდი, რომ მეუფე ჩვენი საქმე პოლიტიკა არაა, ხომ ხედავ რა მდგომარეობაა, გავეცალოთ ახლა სასულიერო პირები, “ნაციონალების მხარდაჭერა” არ შეიძლება, მან მიპასუხა – “შენ რას მეუბნები, რომ ამას თავი დავანებო და “ქართული ოცნების” დროშა დავიჭირო ხელში?” და მე გაოცებული დავრჩი – რატო უნდა გვეჭიროს დროშა და რატომ უნდა გვქონდეს საერთო ვიღაცის დროშასთან, გარდა ქრისტესი”, – განაცხადა მამა ილიამ.
მისი თქმით, მეუფე პეტრეს პატრიარქთან დაკავშირებით არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა, ვინაიდან ის პატრიარქზე ამბობს, რომ “დაიმსხვრა კერპი”.
“მეუფე პეტრე ამბობს, რომ უწმინდესი იყო კერპი და ის დაიმსხვრა და მასაც წილი შეაქვს ამ კერპის მსხვრევაში – უწმინდესი ჩემთვის კერპი არ ყოფილა, ილია მეორე ჩემთვის იყო ღირსეული მღვდელმთავარი და ასეთად რჩება დღეს… კერპი რომ არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მას უნდოდა ის გაბრაზდა მასზე”, – განაცხადა მამა ილიამ.