რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კვირის პალიტრის ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს.
ტოხოსაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.
ცნობილი ხდება, რომ ტოხოსაშვილი ყალბი პირადობით, სხვა სახელი და გვარით არის დაკავებული და ამჟამად იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
მასზე, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ ცეზარ ტოხოსაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წარსულში რამდენჯერმე გავრცელდა და პანკისის ხეობაშიც გამოიგლოვეს. ითქვა ისიც, რომ ტოხოსაშვილი სირიაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით ეს ცნობა არ დადასტურდა.
ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახლემწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის გარემოცვაში იყო. ის სირიაში 2014 წელს წავიდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ცეზარ ტოხოსაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ.
