ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის წერილი რუსეთის პატრიარქის მისამართით „სასაცილოა“.
„აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლენინგორის რაიონში მსახურობენ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის წარმომადგენლები, ისინი მსგავსი ტონით არასოდეს უხსნებია ვინმეს…საქართველოს პატრიარქის განცხადება, ჩემი აზრით, სასაცილოა. ამაზე საპახუსოდ ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ ლენინგორიდან სასულიერო პირების გამოყვანა. რამდენჯერაც რამე მოხდება ოსებსა და ქართველებს შორის, სწორედ საქართველოს ეკლესია ასრულებს ამ საკითხებში რეაქციულ როლს”,- ამბობს სონია ხუბაევა.
„ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებულია, მაგრამ ის აქტიურად ერევა, როგორც ხედავთ. სამხრეთ ოსეთში მიჩვეულები ვართ, რომ საქართველოს ეკლესიის რეაქციები არაადეკვატურია ხოლმე“,- დასძენს დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქის სოხუმსა და ცხინვალში რუსი სასულიერო პირების გაგზავნის საკითხზე წერილი გაუგზავნა. „საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა“, – წერს პატრიარქი.
