გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირება აფხაზურ ეთნოკულტურასთან და პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ ამ ყველაფერში ქართული მხარე უშლით ხელს, ეს იქნება განათლება, თუ ჯანდაცვის მიმართულება.
ინტერნეტგამოცემა „ნუჟნაია გაზეტასთან ინტერვიუში თემურ ნადარაია ამბობს, რომ თბილისი გალში სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს შეღავათებს უწესებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. შედეგად, მარტო ამ წელს, ტყვარჩელიდან და გალის რაიონიდან „საქართველოში სასწავლებლად 160 ადამიანი წავიდა. მხოლოდ 30 მოეწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სასწავლო დაწესებულებებში. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ გალელ ახალგაზრდებს „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოდ იღებენ. ასევე, წარჩინებულებს და მათ, ვისაც ერთი მშობელი ჰყავთ, 5 ათასი რუსული რუბლის ოდენობის სტიპენდიასაც უნიშნავენ. საპასუხოდ, თემურ ნადარაიას თქმით, გალელი აბიტურიენტები ქართულ უნივერსიტეტებში გამარტივებულად აბარებენ გამოცდებს და მათ უფასოდ რიცხავენ.
„ყველა ჩვენი მცდელობა რაიონის მოსახლეობის ინტეგრირების, ქართული მხარის ასეთი გადაწყვეტილებების შედეგად იბლოკება. იძულებულები ვიქნებით სხვა ზომებს მივმართოთ. ჩვენ გვინდა უფროსკლასელებს ვუთხრათ, მათ აქვთ უფლება აირჩიონ განათლების მისაღებად ქართული უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ისინი დაკარგავენ ბინადრობის მოწმობას და აფხაზეთში მოსვლა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ – ვიზით. ეს იქნება ერთ-ერთი ღონისძიება, რომლის გატარებაც მოგვიწევს.
და მეორე ღონისძიება, რომელსაც ასევე სჭირდება განხილვა – ჩვენ შევწყვეტთ ქართული ენის სწავლებას სკოლებში. აფხაზეთის კონსტიტუცია არ ავალდებულებს სახელმწიფოს ქართულ ენაზე ზრუნვას. ეს ჩვენი სახელმწიფოს კეთილი სურვილია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მეგრელია, რომლებიც ფლობენ მეგრულს, ჩვენ ქართული ენის ნაცვლად შეგვიძლია მეგრული ენის სწავლება შევიტანოთ სკოლებში. ამ საკითხს სჭირდება განხილვა, – აცხადებს თემურ ნადარაია.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ისინი არ არიან ვალდებულები, მეგრული ისწავლებოდეს „სახელმწიფო სკოლებში, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს – მეგრული ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიური ენაა. და მისცემენ ბავშვებს უფლებას, ისწავლონ სკოლებში. თუმცა, ნადარაია იმუქრება, თუ ქართული მხარე განაგრძობს მათ შიდა საქმეებში ჩარევას, რეაქცია იქნება ადეკვატური აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
წყარო: პრაიმტაიმი
