“სიტყვის გამოხატვის უფლებას ქვეყანაში არაფერი ემუქრება, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა, კანონი და წესრიგი დაიცვას,” – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
“ეს აქციები სინამდვილეში არის მხოლოდ ოპოზიციის წევრების მონაწილეობით ორგანიზებული აქციები. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალხო პროტესტთან. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ვიხილეთ, რომ ის აქციები, რომლებსაც ოპოზიციის წევრები ატარებენ და რისი უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვთ, გაცდენილია გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს და იძენს ასეთ აგრესიულ ფორმებს, იმ ფორმებს, რომელიც საშუალებას აძლევს ოპოზიციას, წარმოაჩინოს ეს პროტესტი როგორც სახალხო ან ფართო პროტესტი,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.