რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციაში, რუსთაველ კალიგრაფს, 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთაველ ახალგაზრდას მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში, სწორედ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს.
რუსთავის მერმა ნიკოლოზ ღუნაშვილს თანამშრომლობა, ასევე, რუსთავის მერიაში ერთთვიანი სტაჟირების გავლის შემდგომ, მისი სურვილისამებრ შერჩეულ ერთ-ერთ სამსახურში, დასაქმება შესთავაზა.
,,პირველ რიგში, მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა და აქვე მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ სწორედ რუსთაველი კალიგრაფის – ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიები ამშვენებს სტრასბურგის ქუჩებს. ჩვენ ნიკოლოზს შევთავაზეთ, რომ სწავლის პარალელურად, რუსთავის მერიაში გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება და შემდგომ გადაწყვიტოს თუ რომელ სამსახურში ხედავს თავის თავს, სწორედ იმ სამსახურში დავასაქმებთ შრომითი ხელშეკრულებით“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ნიკოლოზ ღუნაშვილი კალიგრაფიით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, რუსთაველი პედაგოგების დახმარებით შეძლო. ის ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტები“ არაერთგზის გამარჯვებულია. ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკოლოზი კალიგრამებსაც ქმნის, ის უამრავი საინტერესო პროექტის მონაწილეა.
ნიკოლოზ ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს.
ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი, 27 ნოემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს სტრასბურგის ქუჩებში.
ეს ფაქტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.
27 ნოემბერს, საქართველომ 6 თვით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო პირველად გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.
ინფორმაცია რუსთავის მერიამ გაავრცელა.
