ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს,- ამის შესახებ უწყების მიერ სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ნორვეგია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად უჭერს მხარს.
“ნორვეგია მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას,”– ნათქვამია განცხადებაში.
21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ 20 დეკემბერს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.
ნორვეგია ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
2019/12/22 12:45:02

ნანახია: 380 ჯერ