მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერში ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა. ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე. წ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
“ვაჟა სამი წლის არ იყო, მე – ორი წლის არ ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობთ. წესიერი კაცი იყო, კარგად სწავლობდა, პროფესიონალი იყო. იცით რა გააკეთა, რა იცოდა, რომ ადამიანს უჭირდა და წავიდა მის დასახმარებლად. რომ არ დაეძახათ, ვერც გაიგებდა და არ წავიდოდა, არც დააცადეს მისულიყო და დახმარებოდა ადამიანს. მერე ათასი ჭორი მოიგონეს, არ ეკადრებათ. ვაჟა და რომელ ომზეა საუბარი, ვაჟა ყოველთვის მშვიდობისკენ მოგვიწოდებდა. ვაჟამ პირვლი სკოლა დაამთავრა და არასოდეს ყოფილა ჩხუბის ინიციატორი, სულ შერიგებისკენ მოგვიწოდებდა. მე ვაჟას დამოკიდებულება ვიცი ოსების მიმართ, მეზობლებიც ბევრი გყავდა. ის დაიჭირეს და მიუსაჯეს, თუმცა ამით ვაჟას არაფერი არ აკლდება.
შეხედონ, აბა, ლაჩარი ვაჟა უნდათ?! რაც გულში აქვს იმას ამბობს კაცი. ძალიან სწორად იქცევა. მინდა მივმართო ოსეთის ხელისუფლებას და რუსების იმ ნაწილს, მათ დააფასონ კაცის ეს საქციელი, მართმადიდბელი ადამინის და კარგი ქართველის. მას ხომ ვინმეს სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის. ხომ არ უბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ, მათაც უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება მე არასოდეს არ მიმიტოვებია ჩემი მეგობრები. ეხლაც ვხედავ სახელმწიფო ბევრს ცდილობს. მაგრამ ერთი კაცი რომ დაიხსნას, ამდენი ხანი ვერ შეძლო.
ოსებს და რუსებს მივმართავ: ზღაპრები არ დამიწყონ, რომ რუსები არაფერ შუაში არ არიან. თუ მოინდომეს რუსებმა აუცილებლად შეძლებენ გააკეთონ. მე უფრო გამიხარდება, ოსმა ხელისუფლებამ თუ დროულად გამოუშვა ვაჟა. როგორც ვაჟას საქციელს ვიწონებ, ასევე მოვიწონებ მათ საქციელსაც, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან. რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ: პირველ ხელისუფლებას არ დავაცადეთ, რაც ჩანაფიქრში ქონდა, შემდეგი იყო და სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ. ერთი რამე იცოდნენ: ქართველი ხალხი სკამების დაკავებაზე არ ვართ. თუ ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს, რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც საჭიროა – ერთის ცუდი მეორეს არ ამართლებს”, – თქვა მეუფე იაკობმა.